ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას, ასევე მათთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო პროცესი 28 თებერვლისთვის გადაიდო.
დღევანდელ პროცესზე კი საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით დასაკითხად 200-ზე მეტი დაზარალებულისა და მოწმის ოქმი წარმოადგინა.
პროცესის დასაწყისში დაცვის მხარემ, კერძოდ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, დავით დეკანოიძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ წინასასამართლო პროცესის ვიდეო და აუდიო ჩაწერა განხორციელდეს. ამის მოტივად დავით დეკანოიძემ საზოგადოების მაღალი ინტერესი დაასახელა, თუმცა ბრალდების მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა, მოსამართლის გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა შუამდგომლობის ნაწილი და პროცესის აუდიოჩაწერა დაშვებული იყო.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და ზურაბ შამათავამ ბრალი არ აღიარეს. ამასთან, ბრალდებას არ ეთანხმებიან დანარჩენი ბრალდებულებიც: ალექსანდრე გორდაძე, გაგა მკურნალიძე, მერაბ კიკაბიძე.
საქმეში ბრალდებული კიდევ ორი პირი გიორგი ჩიტუაშვილი და მანუჩარ დარასელია დღევანდელ პროცესს არ დასწრებიან.
გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალად ედება წამების ორგანიზება. დანარჩენი პირები კი, რომლებიც საქმეში არიან ბრალდებულები, ბრალდების ეპიზოდებში თანამონაწილეებად მიიჩნევიან პროკურატურის მიერ.
28 თებერვალს, 11.00 საათზე ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ეკა არეშიძის განცხადებით, განიხილება შუამდგომლობები მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე.
სასამართლო პროცესის განმავლობაში საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასამართლოს ეზოსა და შენობაში პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
დღევანდელ პროცესზე რამდენიმე წუთით გადაღება დაშვებული იყო.