ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში შემავალი კომპანიების - "ვისოლის," "გალფის," "სოკარის," "ლუკოილის," "რომპეტროლის" წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული მიმართულებით არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები.
"შევთანხმდით, რომ იქნება მუდმივი დიალოგი, ნავთობიმპორტიორებთან, რათა არ დავუშვათ არსებული მდგომარეობის გაუარესება და მოსახლეობამ მიიღოს ხარისხიანი პროდუქცია იაფად. შეხვედრაზე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია დარგის განვითარება იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს, ხელი შეეწყოს სხვა სექტორების, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ საკითხებზე, მათ შორის, ბუნებრივ დანაკარგებთან დაკავშირებულ თემებზე.
როგორც აღინიშნა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რათა დაცული იყოს ბიზნესინტერესები და არ შეიქმნას პრობლემები სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობისას.