დადგინდა მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ახალი ჩამონათვალი, რომლის დადასტურების შემთხვევაში მსჯავრდებულთა გათავისუფლება მოხდება.
ახალი ჩამონათვალი სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და საქართველოს ექიმთა ასოციაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად გაიწერა. ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ ოფიციალურ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა.
15 თებერვლის ბრძანებაში მითითებული დაავადებათა ჩამონათვალში შესულია ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, სხივური დაავადება, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ფსიქიკური აშლილობები, ნერვული სისტემის დაავადებები, მხედველობის მოშლა და სიბრმავე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, თირკმლის დაავადებები, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ანატომიური დეფექტები, აივ ინფექცია/შიდსი და ჰემატოლოგიური დაავადებები.
აღსანიშნავია, რომ მოცემული ჩამონათვალი შეესაბამება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორს (IჩD-10), სადაც ნათლად არის განსაზღვრული დაავადებათა სტადიები და გართულებები, რომლის შემთხვევაშიც მსჯავრდებული უნდა გათავისუფლდეს, ასევე შეტანილია თვისობრივად ახალი მუხლი (მუხლი 16), რომელიც იძლევა იმ მსჯავრდებულ პაციენტთა შეფასების და გათავისუფლების შესაძლებლობას, რომელთა შემთხვევაშიც სამედიცინო ჩარევა უშედეგოა.
ამასთან, როგორც სასჯელაღსრულების სამნისტროში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კარგად გაიაზროს ამ ბრძანების და ამასთანავე უწყებათაშორისი კომისიის მნიშვნელობა და არ მოხდეს მისი გაიგივება მსჯავრდებულთა გათავისუფლების სხვა მექანიზმებთან, მაგალითად როგორებიცაა შეწყალებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიები.