პარლამენტში ელჩობის კანდიდატები სამომავლოდ შესაძლოა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ნაცვლად, კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარადგინოს. ამის შესაძლებლობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ხელაიამ არ გამორიცხა, რომელმაც დღეს პლენარულ სხდომაზე ელჩობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მოუცლელობის გამო ვერ წარადგენდა კანდიდატებს, რის გამოც ეს ფუნქცია დელეგირებული იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლეზე.
მან არ გამორიცხა, რომ სამომავლოდაც ასე მოხდეს და ელჩების წარდგენის ნაწილში საპარლამენტო მდივნის ფუნქცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეითავსოს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე დღეს პლენარულ სხდომაზე მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებთან დაკავშირებით გამოვიდა მოხსენებით.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი, პარლამენტს წარუდგინა საფრანგეთში და "იუნესკოში", უნგრეთში, ლატვიაში, აშშ-ში, ჩეხეთში, უკრაინაში, იტალიაში, ბელგიასა და ავსტრიაში ელჩობის კანდიდატები.