ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტოს უმრავლესობისა და უმცირესობის კონსტრუქციულ სულისკვეთებას მიესალმება. ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატები გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დღევანდელ განცხადებებს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საჯარო მოხელეების ამნისტიასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებზე მხარეების შეთანხმება მისასალმებელია, თუმცა რამდენიმე თემაზე სამუშაო ისევ რჩება.
"შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პატივისცემა, გამოძიების წარმართვა მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით, რათა შერჩევითი სამართალი თავიდან იყოს აცილებული", - აღნიშნა ნორლანდმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის მოლაპარაკებებში შედეგი ვერ იქნა მიღწეული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შემდეგ ოპოზიციასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა თემაზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმაზე და შინაარსზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო. თუმცა, უსუფაშვილის თქმით, ოპოზიციასთან დიალოგს არ წყვეტენ.