საჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს ორი კვირის ვადაში წარედგინება, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღევანდელ სესიაზე განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ცდილობს, მმართველ გუნდსა და უმცირესობას შორის მოლაპარაკება ჩაშალოს იმ მიზნით, რომ რამენაირად შეაფერხოს დაწყებული პროცესების წინსვლა. ჩვენ მაინც ვაპირებთ, ორი კვირის ვადაში პარლამენტს წარვუდგინოთ საჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი. ასევე ვაპირებთ, რომ მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილება, რაც ეხება პრეზიდენტის უფლებებს. ასევე, ვაპირებთ, შევქმნათ საკონსტიტუციო და საარჩევნო კომისიები", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, ამ მოლაპარაკების ჩაშლაში ყველაზე მინიმალური წვლილი მიუძღვის საპარლამენტო უმცირესობას.
"ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან მინდა შევახსენო ეს. მთავარი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლისა არის ის, რომ ვერ შედგა შეთანხმება საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმასა და შინაარსზე, რასაც ითხოვდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები", - განაცხადა ქუცნაშვილმა.