ბორჯომის საკრებულოს შემადგენლობა ვანო მერაბიშვილის კაბინეტში დაიწერა, - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ხალხი საკრებულოში გაეყვანა. "ეს ხალხი არ არის ხალხის მიერ არჩეული, ეს ხალხი დღესაც არის ხალხის საწინააღმდეგო პოზიციაზე. ეს ხალხი საბოტაჟს უწევს იმას, რომ რაიმე გაკეთდეს ხალხისთვის და ასეთი ზეწოლა მათზე არის გამართლებული. თვითმართველობის არჩევნები, რომელიც თქვენ ჩაატარეთ, ეს არ იყო ხალხის მიერ თავისუფალი ნების გამოხატვა", - განაცხადა ფოფხაძემ.
ამასთან, ფოფხაძე აცხადებს, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ბორჯომის მიწები გადაიქცა კორუფციის საგნად.
"ეს მიწები არის გადაცემული აბსოლუტურად უსამართლოდ და გარკვეული კორუმპირებული ჯგუფების მიერ აღებული. განსაკუთრებით ლიკანის მოსახლეობა დაზარალდა", - აღნიშნა ფოფხაძემ.
მისივე თქმით, მას აქვს გარკვეული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურების კორუფციულ გარიგებებს მიწებთან დაკავშირებით.