არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალის შესახებ განცხადება გაავრცელეს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა და შემდეგ უკვე სხვა ტელეკომპანიებმა, გაავრცელეს 2004 წლის 24 ნოემბერს მომხდარი ე.წ. სპეციალური ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალა.
მიგვაჩნია, რომ გავრცელებული სიუჟეტით "რუსთავი-2""-მა დაარღვია "მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, ტელეკომპანიამ ხელი შეუწყო დაინტერესებული მხარის პოზიციების ტირაჟირებას, რადგან არ გაითვალისწინა წყაროს შესაძლო დაინტერესება, არ ეცადა გადაემოწმებინა ფაქტები და მოეძიებინა დამატებითი მასალები.
ჟურნალისტმა სიუჟეტში განაცხადა: "ეს არის კადრები, რომელიც მანქანის გაჩერებიდან პირველივე წუთებში არის გადაღებული, მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს არის უწყვეტი კადრებით გადაღებული, ანუ ამ კადრების გადაღებისას კამერა არც ერთხელ გათიშული არ ყოფილა. კადრებიდან ჩანს, როგორ დააკავა საპატრულო ეკიპაჟმა იმ მანქანაში მყოფები, რომლებიც ბუტა რობაქიძესთან ერთად იყვნენ და შემდეგ როგორ ამოაქვთ ამ მანქანიდან იარაღი - ერთი პისტოლეტი და ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი".
შესაბამისად, ჟურნალისტის ამ ტექსტით, ტელეკომპანიამ ფაქტად წარმოაჩინა პროკურატურისთვის დაინტერესებული პირის მიერ გადაცემული მტკიცებულება, რაც ჯერ კიდევ საჭიროებს დამატებით ექსპერტიზასა და გამოკვლევას.
სიუჟეტში გამოთქმული იყო უმძიმესი ბრალდებები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრის, ვახტანგ კომახიძის მიმართაც, თუმცა მისი პასუხი ან რაიმე მინიშნება, რომ ტელეკომპანია შეეცადა ან შეეცდებოდა მასთან დაკავშირებას და მისი მოსაზრების მოწოდებას, ჟურნალისტის მიერ არ გაკეთებულა. ინფორმაციის ასეთი სახით გავრცელებით, ტელეკომპანიამ მოახდინა იმ ადამიანზე თავდასხმა, რომელიც არ მონაწილეობდა პროგრამაში.
გარდა ამისა, ყველა ტელეკომპანიამ, რომელმაც გაავრცელა ეს კადრები, დაარღვია "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" 35-ე მუხლის მე-20, 23-ე და 24-ე პუნქტები. კერძოდ, 23-ე პუნქტი: "ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას, მაუწყებელი უნდა შეეცადოს შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს."
მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული კადრები ეხება გახმაურებულ საქმეს, მნიშვნელოვან დარღვევად უნდა მივიჩნიოთ ამ კადრებში ასახული პირების დაუფარავად და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩვენებაც.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, ღირსების შემლახველი და პირადი ცხოვრების ხელმყოფი მასალები, რითაც შეიძლება ხელი შეუწყონ დაინტერესებული მხარეების ინტერესების ტირაჟირებას.
განცხადებას ხელს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. მათ შორის "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია", "საქართველოს მედიამონიტირინგის ცენტრი", საზოგადოებრივი დამცველი, "ახალგაზრდები სამართლიანობისათვის", "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", მედიაკლუბი, "საინფორმაციო ცენტრების ქსელი" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".
ამასთან, ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-მა გუშინვე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ტელეკომპანია რობაქიძის ოჯახსა და ახლობლებს აღნიშნული კადრების საჯაროდ ჩვენებისთვის ბოდიშს უხდის. განცხადებაში აღნიშნულია რომ ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება ვიდეომასალის ეთერში გაშვების შესახებ, ამ კონკრეტული საქმისადმი საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო
"დაუმონტაჟებელი მასალა ჩვენ კურიერის გამოშვების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიღეთ და ფაქტობრივად, პირდაპირი ეთერის რეჟიმში მოგვიხდა მისი ჩვენება, თუმცა ჩვენ შეგნებულად, ირაკლი ფირცხლავას მიერ გავრცელებული მასალის მხოლოდ ფრაგმენტი ვაჩვენეთ, სადაც განსაკუთრებულად მძიმე კადრები დაფარული იყო."-ნათქვამია განცხადებაში.