საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა "დევნის კამპანიის შეჩერებაზე" ვერ შეთანხმდნენ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, მოლაპარაკებების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა.
მისი თქმით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ლიდერების დონეზე იმუნიტეტს არავინ ითხოვს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ფორმით დაკავშირებული პირების დაკითხვებზე ტარება უნდა შეწყდეს.
"დამნაშავეა დათო ბაქრაძე? გამოიძიონ და დასაჯონ. დამნაშავეა გიგი უგულავა? მიხეილ სააკაშვილი?! საკუთარი თავისთვის იმუნიტეტს არავინ ითხოვს, მაგრამ თავი დაანებეთ იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ყოველდღე დადიან დაკითხვებზე მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე ფორმით კავშირი აქვთ "ნაციონალურ მოძრაობასთან". 6 000 ადამიანი დაიკითხა მერიაში, რომ როგორმე გიგი უგულავას ბრალი წაუყენონ. პოლიტიკური ხელმძღვანელობა მზად არის, პასუხი აგოს ნებისმიერ არსებულ თუ დაბრალებულ დანაშაულზე", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის შეთავზებით, დევნა უნდა შეწყდეს სამინისტროებში სამმართველოების უფროსების მოადგილის ქვემოთ, რაც არარაციონალურია, რადგან მათ ქვემოთ უკვე ტექნიკური პერსონალია.
"მათი ვარიანტით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამმართველოს უფროსიც კი არის, უნდა დარჩეს დევნის ობიექტი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ქვეყანას სჭირდება სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა და თუ ამას სჭირდება ლიდერების დასჯა, მზად ვართ, თუმცა ყველა დანარჩენს თავი დაანებონ. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკება მაქსიმალურად კონსტრუქციულად. იმედია, დიალოგი გაგრძელდება და ჩვენ შევეცდებით, ვიყოთ შედეგზე და გონივრულ კომპრომისზე ორიენტირებული", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მხარეები თანხმდებიან კონსტიტუციის გარკვეული ნაწილის ვადამდე ამოქმედებასა და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების კონსტიტუციაში ჩაწერაზე. თუმცა, "პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის" შეჩერების გარეშე პოლიტიკური კლიმატის ნორმალიზაცია საპარლამენტო უმცირესობას წარმოუდგენლად მიაჩნია.
"თუ ვსაუბრობთ კოჰაბიტაციაზე, თუ ვთანხმდებით საკონსტიტუციო მოდელზე, ეს ვერ მოხდება, როცა ამ წუთისთვის 15 000-მდე ადამიანი დაკითხულია მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე ფორმით უკავშირდებიან "ნაციონალურ მოძრაობას". ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ გახმაურებულ საქმეებზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ნორმალურ ცხოვრებასა და ურთიერთობაზე, ამ პროცესის გარეშე ეს შეუძლებელია. შეჩერდეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. უნდა იყოს სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა, არ მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური ძალის განადგურება და ვიაროთ შერიგების და არა დაპირისპირების გაღრმავების გზით", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის მოლაპარაკებებში შედეგი ვერ იქნა მიღწეული.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შემდეგ ოპოზიციასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე ”ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი განაცხადა ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა საკითხზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმასა და შინაარსზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო.