პოლიციელისთვის თავში წათაქუნება და დაუმორჩილებლობა, თურმე ამ ქვეყანაში 100 ლარი ღირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმემ 8 თებერვალს შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, მათ მუნდირსა და ღირსებას, ეს იყო სწორედ სამინისტროს ხელმძღვანელობის დაუგეგმაობის და უნიათობის ბრალი.
"მე და ჩემს კოლეგებს ბრალს გვდებენ, რომ 8 თებერვალს პოლიციელებს შეურაცხყოფა მივაყენეთ. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ თუკი ვინმემ ამ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, მათ მუნდირსა და ღირსებას, ეს იყო სწორედ სამინისტროს ხელმძღვანელობის დაუგეგმაობის და უნიათობის ბრალი. მინდა მინისტრს განვუმარტო რა არის პოლიციელის შეურაცხყოფა. პოლიციელის შეურაცხყოფაა ის, რომ მას იმ დღეს არ ჰქონდა გეგმა როგორ უნდა ემოქმედა და რა ღირებულებები დაიცვას. შეურცხაყოფაა, როდესაც 8 თებერვალს პოლიციელებს დაუნიშნეს ვაჩნაძის და კაკაბაძის დუეტი და ყველამ ვნახეთ, თუ ვინ აძლევდა და ფორმით აძლევდა პოლიციელებს ბრძანებებს. ყველაზე ცინიკური ის იყო, რომ ეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე რომ კეთდებოდა. შეურაცხყოფაა, როდესაც პოლიციელის თავში წათაქუნება და დაუმორჩილებლობა თურმე ამ ქვეყანაში 100 ლარი ღირს. შეურაცხყოფაა, როდესაც პოლიციელების დაკნინების ხარჯზე ვქმნით რაღაც ახალ დაჯგუფებას და ამას ვიყენებთ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. შეურაცხყოფაა, როდესაც პოლიციელებს არ აქვთ უსაფრთხოების განცდა, რომ მათ გაწირავენ პოლიტიკური თამაშებისა თუ პიარის გამო. პოლიციელის შეურაცხყოფაა, როდესაც მემორიალურ დაფას ვუხსნით კრიმინალური დაჯგუფების წევრებს და ამაში მინისტრებიც მონაწილეობენ", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ პოლიცია პოლიტიკაში არ ჩაერევა, თუმცა ათასობით "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს იბარებენ პოლიციაში დასაკითხად,
"პოლიცია უნდა დავიცვათ ისეთი ქმედებებისგან, როგორსაც 8 თებერვალს ჰქონდა ადგილი", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისივე მტკიცებით, 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები იყო უკიდურესად არაპროფესიონალური და წინააღმდეგობრივი.
"პრეზენტაციების გაკეთების დროს ბევრი ფაქტი გაყალბებულიც იყო", - აღნიშნა დეპუტატმა.