საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ხაჩიძემ დეპუტატებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 13 თებერვალს მიღებული ბრძანება გააცნო.
როგორც პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაჩიძემ აღნიშნა, ბრძანებულება საკადრო ცვლილებების აუცილებლობას უკავშირდება და ის 13 თებერვლით თარიღდება.
მისი თქმით, ოლეგ იაძისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში წინსვლა არის, თუმცა მან მაინც მოუწოდა კანონმდებლებს, ამ "კურიოზული დოკუმენტით" დაინტერესდნენ.
"ნორმალური იურისტი მაინც აუყვანეთ ლენტეხის გამგებელს, რომ ასეთი სასაცილო ბრძანებები არ გამოსცეს", - აღნიშნა მან.
დეპუტატის განცხადებით, ძალიან ხშირად იყო მსჯელობა და განცხადებები იმაზე, რომ თვითმმართველობებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა რატომღაც ზეწოლად არ ითვლებოდა პიკეტირება, კაბინეტებში შეჭრა, ფიზიკური შეხლა-შემოხლა.