"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტ გოჩა მუკბანიანისთვის უცნობია ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული ვიდეომასალის ნაწილი, სადაც იარაღები ფიქსირდება . როგორც მუკბანიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ საქმეზე გადაღებულ პირველ მასალაში არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიქსირდება.
"მე უკვე ძიებას მივეცი ჩვენება და არაერთხელ დავაფიქსირე ჩემს მიერ ნანახი შემთხვევის ადგილზე. თუმცა, დღეს გავრცელდა გარკვეული კადრები, რომელზეც მე ჩემი აზრი გამაჩნია. ამ კადრებში ჩანს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მანქანაში დევს და პისტოლეტი, რომელიც ქუჩაში გდია. იმ პერიოდისთვის, როდესაც პირველი მასალა გადაიღო ოპერატორმა, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიქსირდებოდა. ვიდრე მეორე ცნობილი სურათი იქნებოდა, რომელიც ტელეეთერების საშუალებით გავრცელდა, არანაირი იარაღი არ დამინახავს. რომ დამენახა აუცილებლად მემახსოვრებოდა და დღეს აუცილებლად ვიტყოდი, რადგან ამის რაიმე შეფერხება და დაბრკოლება არ არის ჩემი მხრიდან", - განაცხადა მუკბანიანმა.
მუკბანიანის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა ბედი ეწია პირველ ვიდეომასალას.
"ამ კასეტის შესახებ მე შემიძლია ის ვთქვა, რაც მე ვნახე მანამდე, ვიდრე მანქანაში ჩავჯდებოდი. მე არ მომცემია საშუალება, რომ ეს მასალა გულდასმით გამეშიფრა. რომ ჩავსხედით მანქანაში, კამერა გამოართვეს ოპერატორს გურამ დონაძემ და მიქაძემ, დაათვალიერეს თავად კამერაშივე კადრები. ამ კადრებში ისმოდა გასროლის ხმა, მაგრამ იქ არანაირი იარაღი არ ყოფილა გადაღებული. შემდგომ დონაძემ გამოართვა ოპერატორს კასეტა, გადავიდნენ ის და მიქაძე მანქანიდან და დონაძემ უთხრა მას, რომ დაუძახებდა, როდესაც საჭირო იქნებოდა. 20-30 წუთის შემდეგ, დაუძახეს ვაწაძეს და მან დაიწყო იმ კადრების გადაღება, რომელშიც იარაღებიც იყო", - განაცხადა მუკბანიანმა.
მისივე თქმით, შემდეგ უკვე ნახა ადგილზე იარაღები, რომელიც საბარგულზე იდო, ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი კი - ბუტას ფეხებთან.
"მე არ ვიცი, ეს კადრები რა დროს არის გადაღებული, თუმცა მე იქ რაც დავასახელე, სხვა იარაღები არ მინახავს", - აღნიშნა მუკბანიანმა.
როგორც ცნობილია, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. კადრები დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.
კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.
როგორც ირაკლი ფირცხალავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი. "ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანში. ეს მანქანა შუა დღეს იმ დღეს "დინამოს" სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე",-განაცხადა ფირცხალავამ.
მისივე ინფორმაციით, 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, ზაფხულში, მისთვის გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ ვახტანგ კომახიძის სახელით, რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდათ კადრები, რომელიც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე პირველივე წამებიდან.