"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძის შეფასებით, გუშინ გავრცელებული ვიდეომასალა ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე არსებულ ვერც ერთ ძირითად კითხვას პასუხს ვერ სცემს, - ამის შესახებ კოჟორიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" საუბრისას განაცხადა.
"ვერც ერთ ძირითად კითხვაზე ეს ვიდეო მასალა პასუხს ვერ სცემს. ძირითადი კითხვები კი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, სამია _ რატომ მოკლეს ამირან რობაქიძე, ჩაუდეს თუ არა იარაღი და იყო თუ არა ყაჩაღების ბანდა? მეტიც, ახალი კადრები შეიძლება რიგ შემთხვევაში კიდევ უფრო ამძაფრებს იმ კითხვის ნიშნებს, რომელიც ამ საქმეზე წლების განმავლობაში არსებობს", - აღნიშნა კოჟორიძემ და დასძინა, რომ აღნიშნულთან ერთად ახალი ვიდეომასალა "იმ ამბავს, რომ ბუტა რობაქიძის მიმართ პოლიციელის გასროლა გამართლებული იყო, დადებითი პასუხი არ გაეცა".
გარდა ამისა, კოჟორიძემ გააკრიტიკა ტელეკომპანიების მიერ ვიდეომასალაში სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი ახალგაზრდების სახეების დაუფარავად ჩვენება და მას კანონდარღვევა უწოდა.
"იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სახეებიც დღეს დაუფარავად აჩვენეს, განაჩენი არ დამდგარა. თუ ისინი ყაჩაღური დაჯგუფების წევრები იყვნენ, მაშინ რატომ არ დადგა განაჩენი? შესაბამისად, ისინი ითვლებიან უდანაშაულოებად, უდანაშაულო ადამიანების სახეების ამ ფორმით გავრცელება კი არ შეიძლება", - აღნიშნა გუშინ საია-ს თავმჯდომარემ.