შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, თინა ხიდაშელს ბუტა რობაქიძის საქმეში გამოძიებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს .
როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" ჩართვისას გურამ დონაძემ განაცხადა, თინა ხიდაშელი აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, "რაც ძალიან ცუდია".
"მე მკვლელი მიწოდეს. ქალბატონო თინა, თქვენ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, წამოდექით და თქვით, რომ სტრასბურგის სასამართლომ მე მცნო მკვლელად, საქმის შემკვეთად და ა.შ. ეს ჩანაწერი მე გავგზავნე სტრასბურგის სასამართლოში და მივიღე შესაბამისი პასუხი, რომელსაც ძალიან მალე გაცნობებთ. შესაბამისად, თქვენ არ გაქვთ უფლება მე მკვლელი მიძახოთ. თქვენ ტონში ვერ ვილაპარაკებ, იცით რატომ? არ მქონია ბედნიერება დღემდე, რომ ორი ძმა გურიის ტრასაზე ერთად ჩამეწვას ავტოავარიის შედეგად, სადაც თქვენ ბრძანდებოდით. მე ქალბატონ თინას რა უნდა ვუპასუხო, ამ ყველაფრის მერე, რასაც ახლა აცხადებს?!",-განაცხადა გურამ დონაძემ.
რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ კადრებს, დონაძე აცხადებს, რომ ეს კადრები არის იმის იდენტური, რაც წლების წინ გადაცემა "პატრულმა" გაავრცელა, თუმცა ირწმუნება, რომ გასროლის კადრები მას აქამდე ნანახი არ ჰქონდა.
"ეს არის რაც მომიტანა ჟურნალისტმა მუკბანიანმა, რომელიც დღეს ირწმუნება, რომ თურმე მისი გადაღებული არ ყოფილა. რაც შეეხება იმას, რომ დადგმულია, თუ ეს სცენა დადგმული იყო, რატომ დაარბენინებენ პატრულის თანამშრომლები ავტომატებს, თუ ეს სცენა დადგმული იყო, ნუთუ იმდენი ვერავინ მოიფიქრა, რომ იქ ხელი არ უნდა მოეკიდათ იარაღისთვის?!",-განაცხადა გუშინ დონაძემ.
დონაძემ აღნიშნა, რომ მას სჯერა მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის. "ის იქნება ის ადამიანი, რომელიც სიმართლეს თქვენზე მეტად იტყვის",-მიმართა დონაძემ ხიდაშელს და დასძინა, რომ არიან ადამიანები, რომელსაც მისი სიმართლის სჯერათ.
"ვულოცავ იმ ადამიანებს ვისაც, თქვენი სჯერა... სულ დამალული იყავი მთელი ეს წლები, განსხვავებით იმ მომენტიდან, როდესაც რესტორნიდან მკვლელობის შეკვეთებს იძლეოდი",-განაცხადა ხიდაშელმა.