სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი სხვა ახალგაზრდების დაკავების ბრძანება უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს, - ამის შესახებ ამირან (ბუტა) რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ კიდევ ერთი მასალა მოიპოვა. კერძოდ, დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში გამომძიებელმა ნინო შარაძემ ბუტა რობაქიძესთან ერთად მანქანაში მყოფი ახალგაზრდები იმავე დღეს გაათავისუფლა იმის გამო, რომ ანაბეჭდები ვერ ნახეს.
"დღეს მოვიპოვე მასალა _ მოსამართლე ნინო შარაძემ პირველივე დღეს ეს ბიჭები გაათავისუფლა, რადგან იარაღზე ვერც ერთი მათგანის თითის ანაბეჭდი ვერ ნახა. მეორე დღეს, როცა ბიჭები მოვიდნენ პანაშვიდზე, მითხრეს, გვიჭერენო, რადგან ეს იყო ადეიშვილის და ოქრუაშვილის ბრძანება, შარაძეს კიდევ, რაც უთხრეს, ეს განაჩენი სად წაეღო, იმას ვერ გავიმეორებ", - აღნიშნა გუშინ სოსო რობაქიძემ.
მისივე თქმით, იმედი აქვს, ამ საქმის გამოძიება მოხდება, რადგან, "დღეს ის ხალხია მთავრობაში მოსული, რომელიც სიმართლეს გაარკვევს". რობაქიძის განცხადებით, დიდი იმედი აქვს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის. მანვე მადლობა გადაუხადა თინა ხიდაშელს და დავით უსუფაშვილს იმისთვის, რომ "თავგადადებით იბრძვიან ამ საქმესთან დაკავშირებით".