ამირან (ბუტა) რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებით, მისი შვილი ხელებაწეული იყო, როცა მოკლეს. როგორც რობაქიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, აღნიშნულს ის გარემოება ადასტურებს, რომ ბუტა რობაქიძე იაღლიაში იყო დაჭრილი.
"გურგენ დონაძეს მინდა ვუპასუხო _ იღლიაში აქვს ჩემს შვილს ტყვია მოხვედრილი და ამის ექსპერტიზის ცნობა მაქვს. ის იყო ხელაწეული, როცა ესროლეს. ერთი რამ კიდევ გამოეპარა დონაძეს და ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს _ სასწრაფოს ექიმმა, რომელიც სასამართლოზე დაკითხეს, თქვა, რომ იარაღი არ დაუნახავს", - აღნიშნა სოსო რობაქიძემ.
მისივე განმარტებით, აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ამირან რობაქიძესთან სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა 2-3 საათის შემდეგ მიუშვეს მაშინ, როცა მისი შვილი დაჭრიდან 20-25 წუთის განმავლობაში ცოცხალი იყო.
"სასწრაფო 5 წუთში მივიდა და არ მიუშვეს ჩემს შვილთან, მკვდარიაო უთხრეს. მიუშვეს 2-3 საათის შემდეგ და წაიყვანეს მორგში, არადა ბავშვი კიდევ 20-25 წუთი ცოცხალი იყო და ამის თვითმხილველები არსებობენ", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ამასთან, დიდუბის პანთეონთან 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის რობაქიძის მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი შემთხვევით გავარდნილ ტყვიას არ მოუკლავს. "ეს არ იყო გავარდნა, ეს იყო გასროლა. იარაღი, რომლითაც ბაშალეიშვილმა გასროლა მოახდინა, ხელში მეჭირა და აქვს დიდი მუხტი - თუ ბოლომდე არ დააჭერ, არ ვარდება", - აღნიშნა სოსო რობაქიძემ.
აღნიშნულ კონტექსტში, ის მიიჩნევს, რომ ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრები "განსაკუთრებული არაა" და ის სპეცოპერაციის შემდეგ არის გადაღებული.
"ეს მერე გადაღებული კადრებია. Aამას თუნდაც ის ადასტურებს, რომ ადგილზე პატრულის ათეულობით ეკიპაჟი ჩანს. ქუჩაც ლენტითაა გადაკეტილი. 3-4 წუთში ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. ამას ვერც 15 და ვერც 20 წუთში ვერ მოახერხებდნენ. სწორედ ამიტომ დღევანდელ გამოძიებას ვენდობი, თან პატრულის ყველა თანამშრომელია დაკითხული. დიდი იმედი მაქვს არჩილ კბილაშვილის, ესაა პროფესიონალი კაცი. რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას, მას ჩემთვის ნათქვამი აქვს, რომ ადგილზე გვიან მივიდა და იარაღები ნამდვილად ჩადებულიაო. მოიწვიეთ სხვა გადაცემა და მე მასთან პირისპირ დავჯდები", - განაცხადა ამირან რობაქიძის მამამ.
გარდა ამისა, სოსო რობაქიძის თქმით, სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი სხვა ახალგაზრდების დაკავების ბრძანება უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს.
"დღეს მოვიპოვე მასალა _ მოსამართლე ნინო შარაძემ პირველივე დღეს ეს ბიჭები გაათავისუფლა, რადგან იარაღზე ვერც ერთი მათგანის თითის ანაბეჭდი ვერ ნახა. მეორე დღეს, როცა ბიჭები მოვიდნენ პანაშვიდზე, მითხრეს, გვიჭერენო, რადგან ეს იყო ადეიშვილის და ოქრუაშვილის ბრძანება, შარაძეს კიდევ, რაც უთხრეს, ეს განაჩენი სად წაეღო, იმას ვერ გავიმეორებ", - აღნიშნა გუშინ საღამოს სოსო რობაქიძემ.