ჩემს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა გამორიცხავს გამოძიების ძველ ვერსიას, რომ იქ იყო ურთიერთსროლა, - ამის შესახებ გადაცემა "პოზიციაში" დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომელმაც გუშინ ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
მისივე განმარტებით, ურთიერთსროლის ვერსიაში ეჭვი თავიდანვე შეეპარა.
"მე შემთხვევის ადგილზე მივედი გვიან და როცა მივედი, იქ უკვე იარაღებიც დამხვდა და ის ვერსიებიც, რა ვერსიასაც ჩემს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალა გამორიცხავს. კონკრეტულად იმას, რომ იქ იყო ურთიერთსროლა. ამაში მე მაშინვე ეჭვი შემეპარა, რადგან ბევრჯერ ვარ მოხვედრილი ორმხრივ სროლაში და სადაც ავტომატი ვარდება, იქ იშვიათად ნახავთ თანამშრომელს, საპასუხოდ პირდაპირ რომ ხსნიდეს ცეცხლს. დაახლოებით 50 კაცი წვება მიწაზე, იმხელა ეფექტს ახდენს", - განაცხადა ფირცხალავამ.
მისივე თქმით, მან ვიდეომასალა 18 თებერვალს მოიპოვა, პროკურატურამდე კი ტელეკომპანიებს იმის გამო გადასცა, რომ გამოძიებას არ ენდობა. "გუშინ მოვიპოვე კადრები და მეც მოვითხოვ ექსპეტიზის ჩატარებას. სწორედ ამას ემსახურებოდა პროკურატურაში ჩემი ვიზიტი, მაგრამ ის, რომ კადრები პირველად გადავეცი ტელევიზიებს, გავაკეთე იმიტომ, რომ აბსოლუტურად უნდობლობა გამოვუცხადე პროკურატურას. ამის მოტივი არის ერთი – ის პოლიციელები, რომლებიც ჩემს მიერ მოპოვებულ მალასაში ჩანს, რომ იარაღებით დარბიან, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობენ, რომ იარაღი არ უნახავთ. თუკი კადრების ავთენტურობა დადასტურდება, მაინტერესებს მერე რას იტყვიან პატრულის თანამშრომლები? ამიტომაც, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მათ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს. "პატრულის" ჟურნალისტი მუკბანიანიც, რომელიც ამტკიცებს, რომ იარაღი არ უნახავს, დღევანდელ კადრებში ჩანს, რომ იქ დგას", - განმარტა გუშინ ფირცხალავამ.
რაც შეეხება ბუტა რობაქიძის მამასთან, სოსო რობაქიძესთან შეხვედრას, ფირცხალავა აღნიშნულს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ რობაქიძისთვის არ უთქვამს, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი ჩადეს.
"მე ეს არ მითქვამს. მე არ ვიცი იარაღი ჩადეს, თუ იმ ბიჭებს ეკუთვნოდათ", - დასძინა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, რომლის მიმართაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ძიება თანამდებობრივი გულგრილობის ბრალდებითაა დაწყებული.