თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა ფრაქცია და პარტია დატოვა.
როგორც ხაჩირაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება, გადაწყვეტილება კი "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხედულებების თანხვედრის არარსებობის გამო მიიღო.
"ყველა ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალია. მეც დავტოვე "ნაციონალური მოძრაობა, ამავდროულად ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა და საკრებულოში მუშაობას განვაგრძობ როგორც რიგითი დეპუტატი. ამ გუნდთან ურთიერთობა დიდი ხანია მაკავშირებს, იქ ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს და მახსოვს ბევრი წარმატებული და ბევრი წარუმატებელი დღე მათთან ერთად, თუმცა მაშინ ჩვენს შორის იყო შეხედულებების თანხვედრა, დღეს კი ეს თანხვედრა აღარაა და მეც აღარ ვაპირებ კატა-თაგვობანას თამაშს", - აღნიშნა ხაჩირაშვილმა.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას არავითარი სხვა გარემოება – მათ შორის "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლის ფაქტები არ არსებობდა. "ვითანამშრომლებ ორივე მხარესთან და კენჭისყრებისას მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისელებისთვის იქნება უკეთესი", - აღნიშნა ხაჩირაშვილმა.