ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე აცხადებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ფირცხალავამ, რომელმაც დღეს რობაქიძის მკვლელობის გარემოებების ამსახველი კადრები გაავრცელა, ადრე მას განუცხადა, რომ რობაქიძესა და მის მეგობრებს იარაღი ჩაუდეს. ამის შესახებ სოსო რობაქიძემ ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ფირცხალავა პირადად მასთან, სახლში მივიდა და ამის შესახებ უთხრა. სოსო რობაქიძისთვის გაუგებარია, რატომ გამოქვეყნა ირაკლი ფირცხალავამ დღეს აღნიშნული ვიდეოკადრები და ზოგადად თუ არსებობდა, რატომ ადრე არ გავრცელდა ვიდეომასალა. „მე პირადად ვითხოვდი ამ კადრების ნახვას. დღეს კი, იმიტომ, რომ მედიისთვის პასუხი გამეცა, ვნახე ის, რაც არ უნდა მენახა. ბავშვი ცოცხალია, სუნთქავს და მის გადარჩენაზე არავინ ფიქრობს“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ბუტა რობაქიძის მამა ვარაუდობს, რომ იარაღი, რომელიც მკვლელობის ღამეს გარდაცვლილსა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს ჩაუდეს, სწორედ ფირცხალავასგან იქნა წაღებული. მისი თქმით, ახლა პატრულსა და კრიმინალურ პოლიციას შორის მიმდინარეობს ბრძოლა, რადგან ერთმანეთს გადააბრალონ იარაღის ჩადება.
„ამ საქმეზე პირველად, მე და ბუტას დედამ ია მეტრეველმა მივეცით ჩვენება. თუ ჩვენებები ცრუ იყო, ამაზე პასუხი გვაგებინონ. მაინტერესებს, ფირცხალავას საიდან აქვს ეს კასეტა თუ დონაძესთან არ არის შეკრული“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მისი თქმით, დღეს გავრცელებული კადრები ყალბია და ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დეტალები მალე გახდება ცნობილი.
მისი თქმით, საქმის დეტალები მიხეილ სააკაშვილმა, ირაკლი ოქრუაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა იცოდნენ.
„დონაძეს ჰქონდა ეს კასეტა და მან გააყალბა. ამიტომ არ უნდა ყოფილიყო დონაძე გარეთ. ვითხოვ სამართლიანობას“, - განაცხადა რობაქიძემ.
სოსო რობაქიძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული კადრების ნახვა მისი ოჯახისთვის შოკის მომგვრელი იყო.
„რუსთავი 2“-მაც აგოს პასუხი იმაზე რაც აჩვენა. იცით, რომ ჩემს ოჯახში სასწრაფო სასწრაფოზეა?!“-განაცხადა სოსო რობაქიძემ და აღნიშნა რომ 18:00 საათზე ის „რუსთავი2“-თან დაგეგმილ აქციას აუცილებლად შეუერთდება.
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. კადრები მან დღეს რამდენიმე ტელეკომპანიასაც მისცა. კადრებში ბუტა რობაქიძის მკვლელობის გარემოებაა ასახული. ამასთან, კადრებში გასროლიც ხმა ისმის, სავარაუდოდ, სწორედ ამ ტყვიამ იმსხვერპლა ბუტა რობაქიძე. ვიდეოში დაჭრილი რობაქიძეც ჩანს და მასთან მყოფი ახალგაზრდებიც, რომლებიც პოლიციელებს მიწაზე ჰყავთ დაწვენილი. კადრების მიხედვით, სამართალდამცველები მანქანაში იარაღს პოულობენ. ბუტა რობაქიძის ოჯახი აცხადებს, რომ კადრები დამონტაჟებულია.