საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძესა და შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს თავისი "მეილების" უკანონო კითხვაში ადანაშაულებს.
საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოპოზიცია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ გიორგი კანდელაკი უცხოელებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ცრუ ინფორმაციებს "მეილებით" უგზავნის.
მაია ფანჯიკიძის ამ ბრალდებას გიორგი კანდელაკი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "შოკშია".
"თქვენ და შინაგან საქმეთა მინისტრს მინისტრს ჩემი "მეილების" უკანონო კითხვაში გდებთ ბრალს. ჩემს კუთვნილ კომპიუტერში, რამდენიმე ვირუსი დავიჭირე, რომელიც იპარავს ინფორმაციას. მე ვარ შოკირებული, რომ ჩემი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის რიტორიკა ერთი ერთზე ემთხვევა ბრეჟნევის რიტოირიკას, რომ მთელი დასავლეთი არის გაბრიყვებული", - მიმართა კანდელაკმა ფანჯიკიძეს.
მისივე თქმით, ხელისუფლება ვერანაირ კონკრეტიკას ვერ ისმენს და ქვეყნისადმი სასიკეთო ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს.
"ვერ მოვისმინე ვერანაირი კონკრეტული გეგმა, რის გაკეთებას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ. თქვენს მაგივრად მე მცხვენია", - მიმართა მინისტრს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.