მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე, - ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულმა გურამ დონაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრებიდან, ნახა თუ რა მოხდა 2004 წლის 24 მაისს. როგორც დონაძემ აღნიშნა, ეს კადრები მას აქამდე ნანახი არ ჰონდა და ტელეეთერის მეშვეობით გავრცელებული კადრებით გაოცებულია.
ამასთან, გურამ დონაძის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტ ვახო კომახიძის მიერ გავცრელებული კადრები არის ყალბი. კერძოდ, მისი თქმით, ვიდეომასალა ინტერშუმით არის გადაფარული.
"გარკვეულმა ჯგუფებმა პოლიტიკურ ჭრილში აღნიშნული ვიდეომასალა გადაამონტაჟეს და გავრცელდა ინტერშუმიანი მასალა, ისე როგორც უნდოდათ. ვახო კომახიძემ გაავრცელა მსგავსი სიყალბე, რამაც საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, რაც ჩვენ ვნახეთ საოცრება იყო. არასოდეს ბუტა რობაქიძის ოჯახისთვის პასუხი არ გამიცია იმ ბრალდებებზე, რომელსაც ისინი 9 წლის განმავლობაში მიყენებდნენ, იმიტომ არ ვცემდი პასუხს, რომ მესმოდა მათი ტრაგედია. მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე. დღეს ამ საქმეს ფარდა აეხადა", - განაცხადა გურამ დონაძემ.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე გადაღებული სრული ვიდეომასალა მას ნანახი არ ჰქონდა, მხოლოდ ჟურნალისტ გოჩა მუკბანიანის მიერ დამონტაჟებული მასალა ჰქონდა ნანახი.
"მე არ მევალებოდა სრული ვიდეომასალის ნახვა, მე ვნახე ის რაც მოამზადა ჟურნალისტმა. მუკბანიანი, რომელიც ამბობს, რომ თითქოს მე მას ზეწოლის ქვეშ ვამყოფებდი, ეს არის სიყალბე, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ნახსენები აქვს თითქოს დაკითხვაზე მიიყვანა ჩემმა მძღოლმა. დაკითხვაზე მუკბანიანი 2005 წელს იმყოფებოდა, მძღოლმა კი, რომელსაც ის ასახელებს, ჩემთან მუშაობა 2007 წელს დაიწყო. მუკბანიანი ვალდებული იყო ჩემთვის მოეყოლა შემთხვევის დეტალები, თუმცა არ ვიცი, შემთხვევის ადგილას, სადაც მუკბანიანი მთელი ღამე მორიგეობდა, ვის რას მოელაპარაკა, ეს ყველაფერი პროკურატურამ უნდა გაარკვიოს", - განაცხადა გურამ დონაძემ.
ამასთან გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიების ფარგლებში გამოირიცხება ის სიყალბეები რაც აქამდე ფიგურირებდა.