სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2" ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"კადრები, რომელიც 12:00 საათიან კურიერში "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, არ არის ტელეკომპნიის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ვიდეომასალა. ეს კადრები რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ დღეს პროკურატურასთან მყოფ ყველა ტელეკომპანიის ჟურნალისტს გადასცა. დაუმონტაჟებელი მასალა ჩვენ კურიერის გამოშვების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიღეთ და ფაქტობრივად, პირდაპირი ეთერის რეჟიმში მოგვიხდა მისი ჩვენება, თუმცა ჩვენ შეგნებულად, ირაკლი ფირცხლავას მიერ გავრცელებული მასალის მხოლოდ ფრაგმენტი ვაჩვენეთ, სადაც განსაკუთრებულად მძიმე კადრები დაფარული იყო.
მასალის გავრცელებამდე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, თუმცა კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას, განსაკუთრებით, ამირან რობაქიძის ოჯახს და მის ახლობლებს ბოდიში მოვუხადოთ ამ მძიმე კადრების საჯაროდ ჩვენებისთვის. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გადაწყვეტილება ვიდეომასალის ეთერში გაშვების შესახებ, ამ კონკრეტული საქმისადმი საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მივიღეთ", -ნათქვამია განცხადებაში