საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მთავარი, რაც ითქვა თურქეთში ვიზიტისას, იყო ის, რომ ნაცვალგების პრინციპით არ უნდა ხდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხის განხილვა. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, როდესაც უმცირესობის წევრის გიორგი გაბაშვილის კითხვას უპასუხა.
გიორგი გაბაშვილი დაინტერესდა, რა იყო ახალი თურქეთში მიღწეულ შეთანხმებაში იმისგან, რაც წინა ხელისუფლების მიერ მიღწეულ შეთანხმებაში იყო.
როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, თურქეთში შედგა ძალიან წარმატებული ვიზიტი და ძალიან ბევრი შეთანხმება .
"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხი იყო. მთავარი, რაც ითქვა თურქეთში, იყო ის, რომ ნაცვალგების პრინციპით არ უნდა ხდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხის განხილვა, რომ, თუ ერთი მხარე აღადგენს რაღაცას, ამის სანაცვლოდ უნდა კეთდებოდეს რამე. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ორივე ქვეყანა უნდა უფრთხილდებოდეს",-განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, თურქეთში გამართულ შეხვედრებზე აზიზიეს მეჩეთზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი და ეს თემა არ უკავშირდება იშხანის და ოშკის აღდგენის თემას.
საპასუხოდ, გიორგი გაბაშვილმა აღნიშნა, როგორც მან გაიგო, წინა ხელისუფლების დროს მიღწეული შეთანხმების შემდეგ შეცვლილი არაფერია.