შეიცვალა სიტუაცია, როდესაც ბიზნესში შიში არსებობდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბანკ "რესპუბლიკის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ლაშა პაპაშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ბიზნესში ამჟამად თავისუფლებაა, რაც კაპიტალის მოსაზიდად აუცილებელია.
"ბატონმა პრემიერმაც აღნიშნა თავად, რომ უფრო დაწყნარებული და დაღვინებული სახეები გაქვთო. მთავარი, რაც სჭირდებოდა ბიზნესს საბოლოო განვითარებისთვის, იყო თავისუფლება. არ იყო თავისუფლება და იყო შიში. ამჟამად კი თავისუფლება არის და ბიზნესში შიში აღარ არსებობს, რაც კაპიტალის მოსაზიდად ყველაზე მნიშვნელოვანია. შიშის გამო ამ ქვეყნიდან წავიდა კაპიტალი", - განაცხადა პაპაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბიზნესმენების ყველა შეკითხვას პრემიერმა დადებითი პასუხი გასცა.
"თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით კი, მთავრობა არის განწყობილი იმისთვის, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას, რაც ბიზნესში არსებობს.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ეს პრაქტიკა თუ გაგრძელდა კარგი იქნება", - აღნიშნა ხაზარაძემ.