საქართველოს მთავარი პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ნამდვილობას შეისწავლის.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, სწორედ მისი ნამდვილობის დადგენის შემდეგ გადაწყდება, შევა თუ არა კორექტივები საქმეზე აქამდე წარმოებულ გამოძიებაში.
"პირველ რიგში, სუფთა ადამიანურად, თანაგრძნობა მინდა გამოვხატო ოჯახის მიმართ, რომ ეს ჭრილობა ასე ღიად იქნა ნაჩვენები. რაც შეეხება პროფესიულ ნაწილს _ ჩვენთან შემოვიდა მტკიცებულება, რომელიც ინციდენტის ირგვლივ ფაქტობრივ მონაცემებს შეიცავს. ჩვენ უპირველესად გვაინტერესებს, დავადგინოთ, არის თუ არა ეს პროდუქტი ნამდვილი, თუ - მანიპულირებისა და მონტაჟის შედეგი. ყურადღებით ნახვას საჭიროებს ეს ვიდეომასალა; კარგად უნდა დავაკვირდეთ, ჩადებულია თუ არა იარაღი. თუ მივიჩნევთ, რომ ესაა ნამდვილი, უკვე მიეცემა შეფასება იქ ასახულ გარემოებებს. რა შედეგიც დადგება, იმის მიხედვით გამოძიებაში კორექტივებს შევიტანთ, ამ მასალის გათვალისწინებით გავაგრძელებთ გამოძიებას ან შეიძლება ეს ეთანადებოდეს უკვე არსებულს და ამით გამყარდეს ის. წინასწარ აღებული რაიმე მოცემულობა, გინდა თუ არა პასუხისმგებლობაში მიეცეს ესა თუ ის პირი, არ გვაქვს. ერთადერთი მოცემულობა გვაქვს და ეს არის ჭეშმარიტების დადგენა, ამ ჭეშმარიტების დადგენის გზაზე კარგია, რომ ასეთი მტკიცებულება მოგვეცა", - განუცხადა კბილაშვილმა "ინტერპრესნიუსს".
მისივე განმარტებით, არსებული ვიდეომასალა გამოძიებისთვის აქამდე ცნობილი არ ყოფილა.
"მთელი ამ 8 წლის განმავლობაში ეს ვიდეომასალა არსებობდა, მაგრამ არ არსებობდა გამოძიებისთვის, რა თქმა უნდა, ადამიანებს ჰქონდათ ის, მაგრამ საგულდაგულოდ მალავდნენ, გამოძიებაც არ იყო დაინტერესებული, რომ კარგი გაგებით "გაემწვავებინათ" ვითარება და ამის პროვოცირება მომხდარიყო თუნდაც ამ ვიდეომასალის წარმოდგენით. ჩვენ კი ამ საქმის გამოძიება დავისახეთ პრიორიტეტად და მივიყვანეთ გარკვეულ კონდიციამდე. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ვიღაცებს გაუჩნდათ მოთხოვნილება, ეს ვიდეომასალა წარმოდგენილი ყოფილიყო, ეს არის ჯანსაღი რაღაც, რაც მოხდა", - დასძინა მთავარმა პროკურორმა.
რაც შეეხება იმას, ფიგურირებს თუ არა რობაქიძის საქმეში სხვა სახის ვიდეომასალა და რამდენად ემთხვევა ან გამორიცხავს ის ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ მასალას, კბილაშვილმა აღნიშნულის კომენტირებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია.
"ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნაადრევია. მე მხოლოდ ის ვნახე, რაც ეთერში გავრცელდა, ამიტომ ჩემი შეფასება ამ მხრივ აცდენილი იქნება რეალობას", - განმარტა კბილაშვილმა.