ბუტა რობაქიძის მეგობრის ირაკლი მიქაბაძის განცხადებით, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული კადრები სიცრუე და მონტაჟია.
ამის შესახებ მიქაბაძემ "პრაიმ-ტამის" პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ იმ კადრებში აღნიშნულია, თითქოს ჩვენი მანქანა მთელი დღე ძებნაზე იყო გადაცემული. ამ მანქანით ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვიმოძრავეთ და პატრულის არაერთ ეკიპაჟს გავუარეთ გვერდით, თუ ვიძებნებოდით რატომ არცერთხელ არ გააჩერეს მანქანა. რაც შეეხება იარაღს, ჩვენ რომ მანქანაში იარაღი გვქონოდა ან გაქცევას შევეცდებოდით, ან იარაღის მოშორებას, ასე არ მოვქცეულვართ. იმ ამბის გადამღები ოპერატორი მუკბანიანი თავად ამბობს, რომ დაკავების მომენტში იარაღი მანქანაში არ იყო. არავითარ ჩხუბს და არავითარ ინციდენტს დღის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია და თუ კი არსებობდა კადრები ამდენი წლის მანძილზე, რომელიც ჩვენი დანაშაულს ამტკიცებდა, რატომ გავრცელდა მაინცდამაინც ახლა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კადრები უბრალოდ შეკერილი სიცრუეა და მეტი არაფერი", - განაცხადა მიქაბაძემ.