"ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებულ ახალ ვიდეომასალაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მუკბანიანმა განუცხადა, აღნიშნულ მასალას ახლა ეცნობა და შემდეგ გადაწყვეტს, რა სახით გააკეთებს კომენტარს.
ამასთან, მუკბანიანმა არც ის დააკონკრეტა, არის თუ არა დღეს გავრცელებული ვიდეომასალა მის მიერ გადაღებული.
"ამაზეც მოგვიანებით გიპასუხებთ", - აღნიშნა მუკბანიანმა.
გოჩა მუკბანიანი ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურამ უკვე დაკითხა. დაკითხვის შემდეგ, 12 თებერვალს მან ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ როდესაც ის შემთხვევის ადგილის გადასაღებად მივიდა, რობაქიძე ცოცხალი იყო და მანქანაში, რომელშიც ბუტას მეგობრები იყვნენ, იარაღი არ იყო.
"შემთხვევის ადგილზე მოვიდა დონაძე და მიქაძე. მათ მანქანაში ჩაგვისვეს მე და ჩემი ოპერატორი ვაწაძე და გადაღებული კადრები წაგვიშალეს. იმავე საღამოს დონაძემ დამიბარა კაბინეტში და მითხრა, რომ თუკი ამ ამბავზე რაიმე ზედმეტს ვიტყოდი, ჩემს გვამსაც ვერ იპოვიდნენ და ეს მარტო მისი ინტერესი არ იყო", - განაცხადა მუკბანიანმა 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, "ვიდეოპატრულიდან" 2009 წელს წამოვიდა და მასზე და მისი ოჯახის წევრებზე დონაძის მხრიდან დღემდე ზეწოლა ხდება.