საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე არ გამორიცხავს, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხზე პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გუნდებმა ნატო-ს ერთობლივი წერილობითი განცხადებით მიმართონ.
მაია ფანჯიკიძისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრისას, დეპუტატი აკაკი მინაშვილი დაინტერესდა, რა მიზეზით თქვა უარი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის შეთავაზებაზე, რომელიც დეკემბერში გამართულ ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარებასთან დაკავშირებით, ორ პარტიის მიერ ერთობლივი მიმართვის გაგზავნაში მდგომარეობდა.
ფანჯიკიძის შეფასებით, ასეთი ერთობლივი წერილის გასული წლის დეკემბერში, ნატო-ს მინისტერიალისთვის მომზადება ნაადრევი იყო, რადგან მაშინ "კოჰაბიტაციის მოდელი ჩამოყალიბებული არ იყო".
"იმ კონკრეტულ პერიოდში, როდესაც არჩევნებიდან ერთი თვე იყო გასული, როდესაც მთავრობა ახალი ჩამოყალიბებული იყო, ეს ნაადრევი იყო. მაშინ ე.წ. კოჰაბიტაციის მოდელი ჩამოყალიბებული არ იყო. არ იყო ჩამოყალიბებული ის ურთიერთობა, რომელიც უმცირესობასა და უმრავლესობას, პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტს ერთმანეთთან ექნებოდათ. მომავალში რაიმე ერთობლივი განცხადების გაკეთებას არ გამოვრიცხავ. ვფიქრობ, რაც უფრო წინ წაიწევს ჩვენი თანაცხოვრების პროცესი, მით უფრო შესაძლებლეი გახდება გარკვეულ საკითხებზე ერთობლივი პოზიციების ჩამოყალიბება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ უმცირესობის საპასუხოდ.