დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ახალი ვიდეომასალის შესახებ ხვალ დაკითხავენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფირცხალავამ პროკურატურასთან განუცხადა.
როგორც ფირცხალავამ განმარტა, მასთან ერთად ვიდეომასალა გამომძიებელმა პროკურატურაში უკვე ნახა და გადაწყდა, რომ მისი დაკითხვა ხვალ დაიგეგმება. ამასთან, როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, მას ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავშირებით არანაირი შეხება არ აქვს.
"იძულებული გავხდი, მე თვითონ გამომეძიებინა ეს საქმე, რასთანაც არანაირი შეხება არ მაქვს გარდა იმისა, რომ შემთხვევა მოხდა ჩემს სამოქმედო ტერიტორიაზე. მე მაქვს შეკითხვები იმ ადამიანებთან, ვინც დაკითხვაზე ამბობდა, რომ ადგილზე იარაღი არ უნახავთ. გამოძიების ფარგლებში ასეთი 22 ადამიანია დაკითხული. მე იქ მივედი გვიან, მაშინ, როდესაც ყველა იყო დაკავებული", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ, რომელმაც პროკურატურას ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალა მიაწოდა.
ვიდეომასალა, როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, უწყვეტ რეჟიმშია გადაღებული. ამასთან, მისი თქმით, აღნიშნულ ფირს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.