შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე მიიჩნევს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შედეგად საქმეს ფარდა აეხადა.
როგორც დონაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, მან აღნიშნული ვიდეომასალის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.
"ვინც იცოდა, წარუდგინა პროკურატურას. მე ვუყურე "რუსთავი 2" - ის ეთერში. მთავარია, რომ იმით, რაც ირაკლი ფირცხალავამ რამდენიმე საათის წინ გააკეთა, მივიჩნევ - ამ ეტაპზე ფარდა ნამდვილად აეხადა საქმეს. სინამდვილე აი, ახლა გამოჩნდა. საქმე თუ გაინტერესებთ, ბრალი მე რაში მაქვს წაყენებული, გადაშალეთ, წაიკითხეთ და გაარკვიეთ სიმართლე და მტყუანი. სად არის გურამ დონაძის მიტანილი იარაღი, სად არის გურამ დონაძის სცენარით დადგმული, ჩადებული იარაღები? ეს კადრები, რაც მე ვნახე, ჩემი 9 წლის წინ გავრცელებულ კადრებზე იდენტურია ზუსტად. ამოიღეთ მასალები ლეჟავას, კომახიძის ფილმებიდან, გადაცემა "პატრულის" სიუჟეტი. ამ კადრების გასვლის წუთებიდან, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ წარმოადგინა, მე ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩემს სიცოცხლის უსაფრთხოებაზე თუ რამე საშიშროება დამემუქრება, პირდაპირ პასუხისმგებლობას ვაკისრებ გამოძიებას, საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ კადრებში აღმოჩნდნენ",- აღნიშნა დონაძემ.
მისივე თქმით, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში განცხადებას გააკეთებს.
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა.
კადრები დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სადაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ჩანს, თუ რა მოხდა 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან.
კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს.
ირაკლი ფირცხალავა პროკურატურაში იმყოფება და აპირებს, აღნიშნული ვიდეომასალა მთავარ პროკურატურას გადასცეს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ეს კადრები არ არის სრული ვერსია, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა. როგორც ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მყოფი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი. "ბუტა რობაქიძე შემთხვევით არის მოხვედრილი ამ მანქანაში. ეს მანქანა შუა დღეს "დინამოს" სტადიონთან მომხდარ ჩხუბში ფიგურირებდა, რა დროსაც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და ეს მანქანა გადაცემული იყო დაკავებაზე",-განაცხადა ფირცხალავამ.
მისივე თქმით, მისთვის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე, ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ არსებობდა კადრები და ვახტანგ კომახიძის სახელით, რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა სარფიანად გაეყიდათ ის, რაც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილზე.
"მე მოვიპოვე ეს კადრები. ეს არის უმძიმესი, საშინელი კადრები. ერთი ცალი ნივთმტკიცებად პროკურატურაში მოვიტანე. ეს კადრები მხოლოდ ჩემს შვილს აქვს ნანახი, რომელიც არის 21 წლის. ჩემს შვილსაც არ სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეირაღებული",-განაცხადა ფირცხალავამ.
მისი თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რატომ იცრუეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების შემდეგ, რომ მანქანაში იარაღი არ იყო.
ფირცხალავამ დასძინა, რომ ამ საქმის პროკურორებს აცილებას მისცემენ, "თუ საერთოდ აზრი აქვს ამ საქმის გამოძიებას".