"ვისოლ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტის ლევან ფხაკაძის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ბიზნესმენებმა თავისუფლება იგრძნეს.
ამის შესახებ ფხაკაძემ დღეს სასტუმრო "შერატონში" ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პოზიტიურია, როდესაც ასე მოკლე პერიოდში პრემიერი ბიზნესმენებს ორჯერ ხვდება.
"დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ დიდ პოზიტივს მოიტანს, ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ყველამ თავისუფლება ვიგრძენით. ის კეთილგანწყობა ქართული ბიზნესისადმი, რომელიც დღესაა, თვალსაჩინოა. ჩვენ დღეს შევეცდებით, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არსებული პრობლემების შესახებ ვესაუბროთ და იმ საკითხებზე, რომელიც ამა თუ იმ ბიზნესმენს აწუხებს. იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო ნათელი და მკაფიო გახდება ის, რომ მთავრობა აშკარად მზადაა, ქართულ ბიზნესს თავისუფლად მუშაობის უფრო მეტი საშუალება მისცეს, რომ მან ქვეყნის აღმშენებლობაში საკუთარი წვლილი შეტანოს", - განაცხადა ფხაკაძემ.