სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მედიასახლ "პალიტრის" თანამშრომლები მიიღო და "პალიტრა L"-ის მიერ ახლად გამოცემული ბიბლია დაათვალიერა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მედიასახლ "პალიტრის" თანამშრომლები სტუმრებისთვის განკუთვნილ დარბაზში მიიღო. პატრიარქმა ბრძანა, რომ საზოგადოების წიგნისკენ მიბრუნება უდიდესი მნიშვნელობის მისიაა.
"ხელმისწავდომი ბიბლია ძალიან კარგია, ბევრი შეძლებს შეიძინოს ის, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ოჯახში აქვთ ბიბლია და არ კითხულობენ. სწორედ ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მნიშვნელოვანია, ხალხს მივაწოდოთ წიგნები, დავაფიქროთ, მოვანდომოთ კითხვა", - აღნიშნა უწმინდესმა.
თავის მხრივ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის თანამშრომლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მათი მთავარი მიზანიც ეს არის.
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ დალოცა სტუმრები და მომავალშიც ხალხისთვის სასარგებლო საქმიანობისთვის აკურთხა.
გამომცემლობა "პალიტრა L"-მა პროექტის - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", გაგრძელება გადაწყვიტა და ახლახანს პრეზენტაციაზე წარადგინა "50 + 1 + 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ".
როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, ამ პროექტის ფარგლებში უკვე დაიბეჭდა ბიბლია, რომელიც, როგორც უმთავრესი და განსაკუთრებული წიგნი, ამ სერიაში ყოველგვარი ნომრის გარეშე შევიდა.
მომავალ ორშაბათს "კვირის პალიტრის" მკითხველი გაზეთთან ერთად მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ ბიბლიას მიიღებს, რომელიც გაცილებით დიდი ზომის იქნება, ვიდრე პროექტში შემავალი წიგნები.
ბიბლია კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს დამუშავებული ტექსტით დაიბეჭდა. სწორედ ამიტომ მედიასახლმა "პალიტრამ" პირველი წიგნები საპატრიარქოში წარადგინა.