საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორს, ჰელენ კლარკს პირობა მისცა, რომ გაერო-ს განვითარების პროგრამის დახმარებას ახალი მთავრობა უფრო ეფექტურად გამოიყენებს, ვიდრე ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჰელენ კლარკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს და კონკრეტულად გაერო-ს განვითარების პროგრამას, რომელიც მისი განცხადებით, წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს სხვადასხვა პროგრამების განხორციელებაში, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება-განვითარებაში. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საინტერესო საუბარი ჰქონდათ.
"ჰელენ კლარკმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და თანადგომა გამოუცხადა ახალ მთავრობას. ვისაუბრეთ ახალი პროგრამების შესახებ, ისევე როგორც ადრეულ წლებში გაერო-ს განვითარების პროგრამა მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ახალ მთავრობასთან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ბევრი ახალი პროექტია განსახორციელებელი და ახალი მიმართულებით უნდა გაღრმავდეს ის ზედაპირული ცვლილებები, რაც, ივანიშვილის განცხადებით, ძველი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, მოსაგვარებელია კონსტიტუცია. კერძოდ, კონსტიტუციაში საჭიროა ცვლილებები და კონსტიტუციური ბალანსის აღდგენა, ასევე აუციელებლია საარჩევნო გარემოს რეალურად შეცვლა, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს რეალურად სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ამ პროგრამებში მონაწილოებას მიიღებს გაერო-ს განვითარების პროგრამა. ივანიშვილისვე განცხადებით, ის ასევე იმედოვნებს, რომ გაერო-ს განვითარების პროგრამა მონაწილეობას მიიღებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, თავისუფალ მედიასთან და თავისუფალ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პროგრამებშიც.
"მე პირობა მივეცი, რომ იმ დახმარებების ეფექტურობა, რომელიც ხორციელდებოდა დღემდე, მომავალში იქნება აბსოლიტურად განსხვავებული, რომ ჩვენ არა მხოლოდ ფასადურად, არამედ რეალურად მოვახერხებთ და განვავითარებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ქვეყანაში, რაზეც ჩვენ ვხედავთ თანადგომას როგორც გაერო-დან, ასევე გაერო-ს განვითარების პროგრამიდან. დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი თანამშრომლობით მივაღწევთ უახლოეს მომავალში იმას, რომ საქართველოში განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები იარსებებენ და ადამიანის უფლებებით გავუტოლდებით განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ჰელენ კლარკმა კი აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა საქართველოს განათლების მინისტრს, სოფლის მეურნეობის მინისტრს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. როგორც მან აღნიშნა, გაერო-ს განვითარების პროგრამა საქართველოსთვის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.