იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტთან დაკავშირებით მან დღეს პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, აშშ-ში 19 თებერვალს გაემგზავრება, სადაც შეხვედრები აქვს დაგეგმილი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ისე არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან.
ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში წულუკიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, შეხვდება ამერიკელ სენატორთა აპარატის წარმომადგენლებს. შეხვედრებს გამართავს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში, დემოკრატიის განვითარების ეროვნულ ფონდში, ატლანტიკის საბჭოში, ევრაზიის ფონდში, იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვა კოლუმბიის უნივერსიტეტში.
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ თეა წულუკიანი ბრიუსელს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენსა და კავკასიასა და შუა აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელ ჯეიმს აპპატურაისთან. წულუკიანი დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას და მონაწილეებს სიტყვითაც მიმართავს.
იუსტიციის მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებსა და ბელგიაში თვის ბოლოს დასრულდება.