ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი არველაძე საგამოძიებო ორგანოების მიერ მის დაკითხვას ინტერნეტ მედიაში მის ახლანდელ საქმიანობას უკავშირებს.
როგორც არველაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ის გახდა რედაქტორი ახლადშექმნილი პორტალისა, "პოლიტიკო.გე", რომელიც ჟურნალისტური გამოძიებებით არის დაკავებული.
მისივე თქმით, პორტალზე 2 დღის წინ დაიდო ჟურნალისტური გამოძიება, 10 თვის ბარბარე რაფალციანის გარდაცვალების შესახებ, მეორე დღეს კი ის ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.
"ჩემი შეფასებით და ღრმა რწმენით ეს არის გაგრძელება იმ პროცესისა, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს და რომელიც თვისუფალ, განსხვავებულ და კრიტიკული სიტყვის დევნას ითვალისწინებს. ჩემს მიმართ კითხვები აქამდე არავის გასჩენია და ამ კითხვების გაჩენა ჩვენი პორტალის ონლაინ სივრცეში გაშვებას და ჟურნალისტურ გამოძიებას საეჭვოდ დაემთხვა", - განაცხადა არველაძემ.
ამასთნ, მან არ იცის თუ რა საქმესთან დაკავშირებით იყო დაკითხული, თუმცა განმარტავს, რომ კითხვები ტელეკომპანია "იმედს" უკავშირდებოდა.
მისივე თქმით, ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაკითხვის დროს უთხრა, რომ ის მათი ხშირი სტუმარი იქნება.
"ეს არის მცდელობა, რომ ჩვენ რაღაცეების გვეშინოდეს და ამის საფასურად გავჩუმდეთ. ასეთი მასშტაბით ზეწოლა არაკონტროლირებად მედიაზე საქართველოში არასდროს მახსოვს", - აღნიშნა არველაძემ და საერთაშორისო საზოგადოებას მიმდინარე პროცესებზე რეაგირება სთხოვა.