უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრის ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიპლომატიური პასპორტის დამზადება მას შემდეგ თხოვა, რაც აღნიშნული პროცესი სამინისტრომ ხელოვნურად "გაჭედა".
"საქართველოში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 15 წუთში აიღოს პასპორტი. რატომღაც ჩემს შემთხვევაში ეს შეუძლებელი გახდა - პროცედურულად გაჭედეს ყველაფერი, - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მისთვის დიპლომატიური პასპორტის მიცემის თაობაზე შუამდგომლობა ჯერ კიდევ 4 თვის წინ გადაუგზავნა.
"შეგიძლიათ ნახოთ, რომ შუამდგომლობა პარლამენტის მიერ 4 თვის წინ იქნა გაგზავნილი, თუმცა ამას რეზოლუცია ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა – თეა წულუკიანმა არ დაადო", - განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა და მისთვის პასპორტის მიცემისთვის სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლის გათავისუფლება "სამწუხარო ფაქტად" შეაფასა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძემ საკუთარი კონტაქტები გამოიყენა და სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს მისთვის და თინათინ ბოკუჩავასთვის დიპლომატიური პასპორტის დამზადება უკანონოდ დაავალა.