კოალიცია "ქართულ ოცნებას" შუალედურ არჩევნებში სამივე ოლქში ერთიანი კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის - "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კოალიციაში ამ დროისთვის კანდიდატებთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ.
"სამ ოლქში უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. პარტიას კონკრეტული წინადადებები გაგვაჩნია, რომელსაც კოალიციას შევთავაზებთ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით. კოალიციაში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა და ალბათ, უახლოეს მომავალში გაიმართება - ერთი კვირის, ან მაქსიმუმ ათი დღის ვადაში", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს - კოალიციამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციაში შემავალი პარტიები დამოუკიდებლად წარდგნენ.
"თუ ასე იქნება, კოალიციაში შემავალი პარტიები საკრებულოში იმუშავებენ კოალიციურ რეჟიმში, თუმცა ამაზე მსჯელობა ამ ეტაპზე არ ყოფილა და ეს უფრო ღრმად განსახილველი საკითხია", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები სამ ოლქში 27 აპრილს გაიმართება.