მიღებული მემკვიდრეობის ფონზე მაქსიმუმი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც სამი თვის განმავლობაში შეიძლებოდა – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის კრიტიკულ გამოსვლას სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებაზე.
კერძოდ, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ რაიონებში ძალადობით ხდება გამგებლების შეცვლა, რაც არ არის დემოკრატია.
"ნამდვილი დემოკრატიაა, როცა არჩევნები განსაზღვრავ, ვინ უნდა იყოს ადგილობრივ თვითმმართველობაში. მე არ მომწონს კურტანიძესთან დაკავშირებით რამდენიმე შემთხვევა, რომელიც გამოუძიებელია"- აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, თანამდებობეზე ადამიანები ინიშნებიან არა ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, არამედ ნათესაური კავშირებით.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა ქუჩაში ძალადობის ფატებზე და პრემიერს მოუწოდა, ამ მიმართულებით გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, რათა ძალადობა არ გადაიზადოს სამოქალაქო დაპირისპირებაში.
საპასუხოდ, პრემიერმა გიორგი ვაშაძეს მისი გუნდის 9-წლიანი მმართველობის ისტორიის კარგად გახსენებისკენ მოუწოდა.
"კარგად გაიხსენეთ, თქვენი გუნდის მოღვაწეობის ისტორია. ერთი რამ მინდა გითხრათ, იმ მემკვიდრეობის ფონზე რაც თქვენგან მივიღეთ სამი თვის განმავლობაში, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა მაქსიმუმი გავაკეთეთ. ძალიან ცოტა გადაცდომა იყო, იგივე პოლიციის უმოქმედობა ან ინერტულობა, მაგრამ ეს არ მომხდარა დაგეგმილად. სამი თვის განმავლობაში მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო. აუცილებლად ანგარიში უნდა გავუწიოთ როგორ ვიყავითYგუშინ, გუშინწინ და უნდა ვიცოდეთ, რომ ის ერთ დღეში არ შეიცვლება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, სწავლება და მორალის კითხვა მისთვის მისაღებია მხოლოდ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მორალის შესაბამისად "ცოტა ნაცხოვრები აქვთ". "ნუ დაივიწყებთ იმ 9-წლიან ისტორიას, რაშიც თქვენ ცხოვრობდით", - მიმართა ივანიშვილმა ვაშაძეს.