განათლების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 52-ე სკოლის ტერიტორიაზე ლუდის ბარი არ აშენდება.
განათლების მინისტრი დღეს 52-ე სკოლაში მივიდა, სადაც სკოლის მოსწავლეები და მშობლები ლუდის ბარის, ფიტნეს ცენტრისა და საბილიარდოს მშენებლობას აპროტესტებდნენ. აღნიშნული ობიექტები სკოლის შენობიდან 3 მეტრში შენდება.
მარგველაშვილი ერთ-ერთ მშენებელს ესაუბრა, რომელსაც ვინაობა არ დაუსახელებია.
მინისტრმა მიმართა მშენებელს, შეაჩერონ მშენებლობის პროცესი. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად განიხილავენ აღნიშნულ პრობლემას. მარგველაშვილის თქმით, ამ დროისთვის უცნობია, რომელი სამშენებლო კომპანია აშენებს ობიექტს, რომელიც კომპანია "კოლხას" ეკუთვნის. მინისტრის თქმით, შეეცდებიან, პრობლემა ისე გადაწყვიტონ, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია სკოლის ტერიტორიაზე ლუდის ბარი არსებობა. მისი განცხადებით, სკოლის ტერიტორიაზე ლუდის ბარის მშენებლობისთვის ნებართვის გაცემა ყოველგვარი კანონმდებლობის დარღვევით მოხდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ნებართვა გაცემულია მთავრობის სპეციალური განკარგულებით, რაც მისთვის გაუგებარია.
"ჩვენი ხელისუფლების მიზანი ბიზნესის ხელშეწყობაა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მარაზმატიკული პროექტების ხარჯზე", _ დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.