საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს დაგეგმილ რამდენიმე მასშტაბურ პროექტს აღარ განახორციელებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს.
ფონდის ინფორმაციით, პროექტების შეჩერების მიზეზად მათი მიზანშეუწონლობა სახელდება.
თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი (პროექტი საერთო ბიუჯეტით - 80 მლნ ლარი) აღარ აიგება. "საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, ხიდის აგებას აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. კიდევ ერთი ხიდის პროექტი, რომელსაც თბილისი-ლესელიძის ტრასა მცხეთასთან უნდა დაეკავშირებინა, გაუქმებულია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრების არსებობის საკითხი, რადგან ახალი ხიდი, სწორედ ამ ისტორიული ძეგლების არეალში ექცევა", - ნათქვამია განცხადებაში.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2013 წლისთვის დაგეგმილი პროექტების სიიდან, ფონდის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ამოღებულია ბათუმის 2 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის ე.წ ოქროს ქვიშით მომარაგებაც. პროექტის თანახმად, 2 კმ-იანი მონაკვეთის ქვიშით მომარაგება (ერთჯერადად) სახელმწიფოს 50 მლნ ლარი დაუჯდებოდა.
"ამის მიუხედავად, მუნიციპალური განვითარების ფონდი არ წყვეტს ბათუმის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრებითი პროექტის განცხორციელებას. მიმდინარე წელს ფონდი გამოაცხადებს ტენდერს ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე, რომლის განხორციელებაც სავარაუდოდ 20 მლნ ლარს არ აღემატება", - აღნიშნულია განცხადებაში.