საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე საქართველოში მეჩეთის აშენების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას ელოდება. როგორც ხაჩიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ძალიან საინტერესოა, თუ რა იტყვის ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო.
"მე ველოდები, როდის გაკეთდება მათი მხრიდან განცხადება", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.
ასევე მისი თქმით, საზოგადოებისთვის ამ დროისთვის ცნობილია "ქართული ოცნების" პოზიცია და მურმან დუმბაძის ტრანსფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე გოგა ხაჩიძემ მეზობელ ქვეყნებში საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საბოლოო ჯამში აზერბაიჯანი არის გაბრაზებული, სომხეთი მოტყუებული, თურქეთი კი - გადაგდებული.
"იქ თავიდან გაკეთდა განცხადებები, რომ აზიზიეს მეჩეთი უნდა აშენებულიყო. თუმცა აქ ჩამოვიდნენ და ამბობენ, რომ სხვა მეჩეთი უნდა აშენდეს და უკეთესი, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია", - განაცხადა ხაჩიძემ.
მან საკონსტიტუციო ცვლილებეთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და დასასრულისკენ მიდის. მისი თქმით, პოზიციები ჯერ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი შიშები, მათ თავისი შიშები. მათ აქვთ შიშ, ი რომ პრეზიდენტმა შეიძლება დაითხოვოს მთავრობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი შიში და ეს ეხება ქვეყნის საგარეო კურსს, გამომდინარე ხელისუფლების განცხადებებიდან. მარტივად დგას ეს საკითხი - მოდით, ეს თქვენი შიში ჩვენს მნიშვნელოვან, ზოგად შიშზე გავცვალოთ", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.