სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე საზოგადოება უახლოეს ხანში სიახლეს მოისმენს, - ამის შესახებ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ღონისძიებაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
"როცა პროკურატურის ოფისში მივედით, სამი ძირითადი პრიორიტეტი დავსახეთ – ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინაშე ჩადენილი დანაშაული, საფინანსო სფეროში დანაშაული და გახმაურებული დანაშაული. ამ დროისთვის გვაქვს გარკვეული პროგრესი იმ დანაშაულების გამოძიების საქმეში, რომელიც ადამიანის უფლებების ხელყოფას შეეხება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში, თუმცა ამ მხრივ უახლოეს პერიოდში კიდევ მნიშვნელოვან სიახლეს მოისმენთ. პროკურატურამ სასჯელაღსრულების სამინისტროს დახმარებით 18 სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებული ორი ათასი პატიმრისგან აიღო ჩვენება, რომლებიც ყვებიან ცემის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, პარალელურად მოკვლევა მიმდინარეობს საპყრობილეში პატიმართა გარდაცვალების რეალური მიზეზების დასადგენად.
"2005-2012 წლებში საპყრობილეებში 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. მიმდინარეობს მათი გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა, ვინაიდან წინასწარი მონახაზით, რეალობა ის არის, რომ მათი დიდი ნაწილი უბრალოდ მოკლულია", - აღნიშნა კბილაშვილმა.
ამასთან, მთავარი პროკურორის თქმით, წინასწარი ვარაუდით, საქმე გვაქვს სისტემურ სახელმწიფო დანაშულთან.
"ვგეგმავთ, რომ როცა ფაქტებს დავდებთ და, ეს სავარაუდოდ მოხდება მარტის დასაწყისისთვის, მას მივცემთ ისეთ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ახალი სიტყვა უნდა იყოს ქართული სამართალწარმოების სისტემაში. კერძოდ, ეს არის სისტემური სახელმწიფო დანაშაული, რომელიც აქამდე არ გამოგვივლენია", - დასძინა კბილაშვილმა.
რაც შეეხება საფინანსო სფეროში ჩადენილ დანაშაულებს, მთავარი პროკურორის ინფორმაციით, საზოგადოება ასევე მალე შეიტყობს "სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის მილიონიანი შემთხვევების შესახებ".
"ერთ-ერთი ფაქტი საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. საქმე ეხება საქართველოს მასშტაბით 21 ათასი პარტიული აქტივისტისთვის თანხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემას", - აღნიშნა საქართველოს მთავარმა პროკურორმა.
რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებს, კბილაშვილის თქმით, გამოძიება ამ კუთხითაც წინ არის წასული.
"წინ ვართ წასული რობაქიძის საქმეზე, ასევე წინსვლაა გირგვლიანის საქმეზე. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეპიზოდი, რაც უკავშირდება ამ ადამიანის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდგომ სტადიებს, სრულად იქნა გაყალბებული", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
კბილაშვილის ინფორმაციით, 1 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით უწყებაში სულ 18.500-ზე მეტი საჩივარი შევიდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი, 100-ზე მეტი საჯარო მოხელე იქნა პასუხისგებაში მიცემული.