დავით ბერძენიშვილი - ჩვენ არ ჩაგვიდენია ისეთი რამ აქამდე, რომ უნდობლობის საფუძველი იყოს

დავით ბერძენიშვილი - ჩვენ არ ჩაგვიდენია ისეთი რამ აქამდე, რომ უნდობლობის საფუძველი იყოს

ჩვენ არ ჩაგვიდენია ისეთი რამ აქამდე, რომ უნდობლობის საფუძველი იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა იმ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ მსჯელობენ. 

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით საკუთარ კანონპროექტს გაიწვევს, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის, ასევე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მაინც მსჯელობენ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას დავით ბერძენიშვილმა 2006 წელი გაიხსენა, რა დროსაც "ესენგედან" საქართველოს გასვლის საკითხი დაისვა, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს საკითხი ჩააგდო.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანთან დაკავშირებით პლებისციტი აქვს ჩატარებული. მისი თქმით, ევრაზიული კავშირი არ არსებობს, ეს მხოლოდ იდეაა და ამასთან დაკავშირებით რაიმე ჩანაწერი უხერხულობას შექმნის და კანონმდებლობას მხოლოდ დააკნინებს. 

"ჩვენ არ ჩაგვიდენია ისეთი რამ აქამდე, რომ უნდობლობის საფუძველი იყოს. წინა ხელისუფლებას ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, რომელიც დღეს უკვე სწორად აღარ მიაჩნია. მზად ვარ მუშაობაში ჩავერთო, ოღონდ პატივი ვცეთ კონსტიტუციას", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

თავის მხრივ, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ რაზეც შეთანხმება მიიღწევა, მას კანონის ძალა ჰქონდეს. ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ ეს სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი საკითხებია და ამიტომ მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით მეტი გარანტიები არსებობდეს.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებული შეთანხმება, არა მხოლოდ შეთანხმება უნდა იყოს, არამედ მას კანონის ძალა უნდა ჰქონდეს.
გიორგი ბარამიძის თქმით, საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით უმცირესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი კომიტეტის შემდეგ იქნება გაწვეული.