პროკურატურამ ოზურგეთის საკრებულოსა და გამგეობიდან დოკუმენტაცია ამოიღო

პროკურატურამ ოზურგეთის საკრებულოსა და გამგეობიდან დოკუმენტაცია ამოიღო

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოზურგეთის საკრებულოს და გამგეობიდან თითქმის ყველა საფინანსო დოკუმენტაცია ამოიღეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის საკრებულოს იურისტმა ლაშა თავაძემ განუცხადა, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2011-2012 წლებში გამოცემული ბრძანებები, ამავე პერიოდში ჩატარებული საკრებულოს სხდომის ოქმები წაიღეს. თავაძის თქმით, პროკურატურამ ასევე ის დოკუმენტაცია გაიტანა, რომელიც შესყიდვების პროცესში ინსპექტირების ჯგუფის მიერ გახორციელებულ სამუშაოებს ასახავს.

ამასთან, პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2011-2012 წლებში სოფლის განვითარების პროგრამით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ხარჯების შესახებ არსებული ყველა დოკუმენტაცია გაიტანა.

პროკურატურა სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "რესპუბლიკური პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრმა მარინე სუნგულიამ განცხადებით მიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მარინე სუნგულიამ უთხრა, მან სამართალდამცველებს ყველა ის დოკუმენტაცია გადასცა, რომელიც შესაძლო დარღვევებს გამოავლენს. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 29 სოფელში 200 -მდე პროექტი გახორციელდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ს ამ მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო.
სუნგულიას მიმართვის შემდეგ პროკურატურამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 232 მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.