იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უმცირესობის წევრს, სამოქალაქო რეესტრის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ვაშაძეს სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისთვის "უკანონო დავალებების" მიცემაში ადანაშაულებს.
როგორც წულუკიანმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ვაშაძემ სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ კომპეტენტურ თანამშრომელს მისთვის დიპლომატიური პასპორტის დამზადების უკანონო დავალება მისცა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამის გამო თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა მოუწია.
"ბატონო გიორგი, იუსტიციის სამინისტროს კადრები მე მემკვიდრეობით მივიღე და მათ ბოლომდე დავიცავ. ესენი არიან ძალიან კომპეტენტური ადამიანები. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ უკანონო დავალების მიცემა იუსტიციის სამინისტროს კადრებისადმი, რადგან გამოვლინდა, რომ თქვენ გამოიყენეთ თქვენი კავშირები და სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ კომპეტენტურ თანამშრომელს დაავალეთ, უკანონოდ მოეცა თქვენთვის და თინა ბოკუჩავასთვის დიპლომატიური პასპორტი და მანაც ხათრი ვერ გაგიტეხათ", - განაცხადა თეა წულკიანმა.
მის ამ განცხადებას ღონისძიებაზევე გამოეხმაურა და უპასუხა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა.
"ნუ მემუქრებით, თუ შეიძლება, შეარჩიეთ საუბრის ტონი. უკანონოდ თქვენ არ მომეცით დიპლომატიური პასპორტი, მაშინ როცა სხვისთვის 15 წუთშია მისი აღება შესაძლებელი, ჩემთვის ეს პრობლემა გახდა. დიახ, სწორედ ამიტომ დავურეკე და ვთხოვე მას, რომ ჩემთვის პასპორტი მოეცა", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განცხადებების შემდეგ მხარეები ერთმანეთს მწვავე რეპლიკებით დაუპირისპირდნენ, რის გამოც ანგარიშის ორგანიზატორებმა მათ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს.