საპარლამენტო უმცირესობა საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს უკან გაიწვევს.
როგორც დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას კანონპროექტის ინიციატორმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კანონპროექტი იმიტომ მოამზადა, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის დეპუტატების საკმარისი რაოდენობა პარლამენტში არ ჰყავდათ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით იგივე პოზიცია აქვს და კეთდება განცხადებები, რომ ოპოზიცია ღია კარს ამტვრევს.
"საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით ჩვენ კანონპროექტი მოვამაზადეთ და დავსვით საკითხი, რომ ეს პრინციპები კონსტიტუციაში იყოს ინიცირებული. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი და კონსულტაციების რეჟიმს ხელი რომ არ შეეშალოს, ამ კანონპროექტს უკან გავიწვევთ", - აღნიშნა ბარამიძემ. მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებული პრინციპები კონსტიტუციაში დაფიქსირდება.
დღეს კანონპროექტის განხილვა დაგეგმილი იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.