27 აპრილის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მმართველი გუნდი მაჟორიტარობის კანდიდატებს ბლოკის ფორმატში წარადგენს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ აცნობა.
კობახიძის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო დღეისთვის დაგეგმილ სხდომაზე აირჩევს პოლიტსაბჭოს აღმასრულებელ მდივანს, მოხდება განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და მხოლოდ ამის შემდეგ გაივლიან კონსულტაციებს კოალიციის შიგნით, რათა ის საარჩევნო ბლოკად დარეგისტრირდეს.
როგორც მანანა კობახიძე აცხადებს, ჯერ მაჟორიტარობის კანდიდატებზე ჩამოყალიბებულები არ არიან, თუმცა ამ მიმართულებითაც გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. ნაძალადევის, ბაღდათისა და წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქებში შუალედური არჩევნები 27 აპრილს ჩატარდება. არჩევნების დანიშვნა განაპირობა 1-ელ ოქტომბერს დეპუტატებად არჩეული არჩილ კბილაშვილის, კახი კალაძისა და თეა წულუკიანის პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლებამ, რის გამოც აღნიშნული სამი ოლქი პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის გარეშე დარჩა.