პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, მანანა კობახიძის ინფორმაციით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით განსაზღვრული მუხლების ვადაზე ადრე ამოქმედებასთან დაკავშირებით , მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ არ მისულან და ამ მიმართულებით მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც მანანა კობახიძე განმარტავს, კოალიციისთვის, პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ახალი კონსტიტუციის იმ მუხლების ამოქმედება, რომელიც შეზღუდავს პრეზიდენტს ერთპიროვნულად განახორციელოს მთავრობის დათხოვა, მისი ფორმირება და ერთპიროვნულად დანიშნოს და გადააყენოს პრემიერ-მინისტრი.
"ძირითადად საუბარია კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმ ნაწილზე, რომელიც პრეზიდენტის მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთობებს შეეხება. კერძოდ, ის რომ პრეზიდენტს აღარ ჰქონდეს მთავრობის ერთპიროვნულად ჩამოყალიბებისა და ერთპიროვნულად გადაყენების უფლება. მათ შორის მას არ უნდა ჰქონდეს იმ სამი მინისტრის გადაყენების შესაძლებლობა, რომელსაც მას ახლა კონსტიტუცია აძლევს", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯერ მხარეები საბოლოო შეთანხმებამდე არ მისულან, თუმცა მას იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა.