საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თვითმმართველობებთან მიმართებაში "ჩარევის უბადრუკ შემთხვევებზე" საუბრობს.
როგორც ივანიშვილმა სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მთავრობის 100 დღის საქმიანობის შესახებ მომზადებულ ანგარიშში გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების საპასუხოდ განაცხადა, დაარწმუნეს, რომ თვითმმართველობებთან დაკავშირებით ჩაურევლობა უარეს შედეგს მოიტანდა.
"თვითმმართველობებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება არის ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს. ამ ცვლილებებს დიდი ემოციური ფონი ახლდა და შევეცადოთ, ერთად გავაკეთოთ ანალიზი. ჩემი პოზიცია თავდაპირველად იყო, რომ არ ჩავრეულიყავით ამ პროცესში და ყოფილიყვნენ ძველი გამგებლები. ეს ჩვენთვის უკეთესიც იყო, რადგან მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა ისედაც დიდი აქვს, მაგრამ დამარწმუნეს, რომ ჩაურევლობა იქნებოდა უფრო უარესი, თუმცა სახეზე მივიღეთ კოალიციის რამდენიმე წევრის ჩარევის უბადრუკი შემთხვევები. ბუნებრივია, ეს არ იწვევს ჩემს კმაყოფილებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაციაზე.
ამასთან, პრემიერი ეჭვობს, რომ თვითმმართველობებთან დაკავშირებით არსებული პროცესის უკეთესად წარმართვის მექანიზმი არც არსებობდა.
"მე არ მაქვს პასუხი კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესის უკეთ განვითარება. შესაძლოა, ცვლილებების პროცესში უკეთესი წარმართვის მექანიზმი არც არსებობდა და ეს განპირობებულია იმ რთული მემკვიდრეობით, რომელიც ჩვენ მივიღეთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებზე დიდ იმედს ამყარებს და მომზადებული კანონპროექტი, პრაქტიკულად, განხილვებისთვის მზად არის.
"მის მომზადებაში დიდი დრო დავხარჯეთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მთავრობის 100-დღიანი მუშაობის შესახებ ანგარიში მოამზადეს – "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" და "სამარათლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ. ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.