მსოფლიოს და ოლიმპიადის მრავალგზის ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი დღეს თბილისის #1 ექსპერიმენტულ სკოლაში ჭადრაკის საპილოტო პროგრამის გახსნას დაესწრება.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილემ, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა განაცხადა, ამ პროექტის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ჭადრაკის ფედერაცია. აზმაიფარაშვილი იმედოვნებს, რომ ჭადრაკი გახდება საქართველოს სკოლებში ერთ-ერთი საგანი, რომელიც მომავალი თაობის განათლებაში დიდ წვლილს შეიტანს.
როგორც გარი კასპაროვმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ კიდევ ერთხელ იმყოფება თბილისში. რაც შეეხება პროგრამას, რომელიც დღეს იხსნება, კასპაროვის განცხადებით, მასზეე დიდი ხნის წინ მიდიოდა მუშაობა. მისივე ინფორმაციით, ამ პროექტის განხორციელებაზე შეთანხმებას ხელი გასული წლის მაისში მოეწერა.
"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ეს პროექტი განხორციელდება. იმედი მაქვს, რომ შედეგი ჩვენს მოლოდინს გაამართლებს", - განაცხადა გარი კასპაროვმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში არ არის პოლიტიკური ხასიათის.
დღეს კასპაროვის ვიზიტის ფარგლებში, პირველი ღია გაკვეთილები ჩატარდება ჭადრაკში #1 ექსპერიმენტულ სკოლაში, ხოლო ქუთაისის 21-ე და ფოთის მე-2 საჯარო სკოლაში იქნება პირდაპირი ჩართვები.